სახალხო დამცველი ფონიჭალაში, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვების ნიშნობის საქმეს შეისწავლის. სავარაუდო ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით გავრცელდა.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გამოწვევას არასათანადოდ პასუხობს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გუნელ მოვლუდმა გაავრცელა. ის წერს, რომ ფოტოზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების, აზერბაიჯანული ეროვნების 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა". ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია "ხელის თხოვნისთვის" დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები.