ამჯერად გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. დავარღვიოთ საზოგადოებაში არსებული სტიგმა და კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვათ დროული, პროფილაქტიკური კვლევების მნიშვნელობას.

STD (სგგდ) სხვადასხვა ტიპის პათოგენით (სოკო, ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) გამოწვეული, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია.

ინფექციათა გადაცემის ძირითადი გზა ნებისმიერი ტიპის სქესობრივი აქტია, მაგრამ დაავადებათა ნაწილის გადადება შესაძლებელია სისხლით, კანზე შეხებით, ინფიცირებულის ნივთების გამოყენებით ან მასთან საერთო ჰიგიენური საშუალებების მოხმარებით. ასევე, ყურადსაღებია, რომ ინფიცირებულ დედას შეუძლია დააავადოს ნაყოფი მუცლად ყოფნისას ან მშობიარობის პროცესში.

STD შორის ყველაზე გავრცელებულია, ძირითადად, 8 პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებები. 4 მათგანი სრულად განკურნებადია: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 357 მილიონი ადამიანი ინფიცირდება აღნიშნული ინფექციებით.

დარჩენილი 4 დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარების ფარგლებში — ექვემდებარება მართვას. ეს ვირუსული დაავადებებია: B ჰეპატიტი, ჰერპესი (HSV), HIV, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV).

ფოტო: Shutterstock

ინფორმაციის ნაკლებობის და საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ძირითად რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ბარიერული კონტრაცეპტივის, კონდომის სწორი გამოყენების წესებისა და ნორმების შესახებ. ასევე რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც:

  • წარსულში გადატანილი აქვთ სქესობრივი გზით გადამტანი რომელიმე დაავადება
  • ჰყავთ/ჰყოლიათ რამდენიმე პარტნიორი
  • აქვთ დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა

აღნიშნული დაავადებების მატარებელ ადამიანს შესაძლოა არ აღენიშნებოდეს სიმპტომები, თუმცა იყოს გადამდები.

  • პაციენტებისთვის დამახასიათებელი ხშირი სიმპტომებია:
  • ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი ურთიერთობისას
  • წყლულები, გამონაყარი, შეწითლება, ქავილი სასქესო ორგანოების ან/და უკანა ტანის მიდამოებში
  • მამაკაცების შემთხვევაში სათესლე ჯირკვლების ტკივილი ან/და შესიება
  • უსიამოვნო გამონადენი ან სისხლი სასქესო ორგანოებიდან

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ნაწილისგან ეფექტური თავდაცვის საშუალებად კვლავ რჩება ბარიერული კონტრაცეპტივის (პრეზერვატივის) გამოყენება და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა. ამავდროულად, აუცილებელია პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, რათა ინფორმირებული იყოთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დაიცვათ თქვენი პარტნიორი, რადგან STD-ს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

ზემოთ აღნიშნული დაავადებები ხშირად ხდება მიზეზი: უნაყოფობის, თვითნებური აბორტის, შეწყვეტილი ორსულობის, ახალშობილთა განვითარების პათოლოგიების, სხვადასხვა ორგანოს ნორმალური ფუნქციის დარღვევის და სხვა.

ცალკეულად, რამდენიმე დაავადებაზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

ფოტო: News Medical

იცოდით, რომ 240 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით?! ეს არის ის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ხშირად ხდება ცეროზის ან ღვიძლის კიბოს მიზეზი.

ვირუსი ვრცელდება არა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის გზით, არამედ ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით.

აღსანიშანვია, რომ ინფიცირებულ დედას შეუძლია დააავადოს მუცლად მყოფი ნაყოფი.

დაავადების მატარებელთათვის სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია, მაგრამ პაციენტების ნაწილს აწუხებს საერთო სისუსტე, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, გულის რევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში და სხვა - ეს პრობლემები განსაკუთრებით შესამჩნევია ვირუსის მწვავე ფორმისას.

ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი და ხანგრძლივობა სხვადასხვაა და განისაზღვრება ექიმი-ინფექციონისტის მიერ. რაც მთავარია, მკურნალობისას უნდა მოხერხდეს ვირუსის აქტივობის დათრგუნვა, შემდგომ კი, ფაქტობრივად მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებელია პერიოდული გადამოწმება სხვადასხვა ანალიზებით.

ფოტო: Avert.org

რამდენიმე სიტყვით პაპილომავირუსს შევეხოთ. გენიტალური პაპილომა ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას წარმოადგენს (აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით). მას ახასიათებს სასქესო ორგანოებისა და უკანა ტანის ლორწოვანი დაზიანება.

რიგ შემთხვევებში, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა განვითარდეს გენიტალური მეჭეჭები ან სხვა პათოლოგიური ცვლილებები. განსაკუთრებით სახიფათო აღნიშნული ვირუსი ქალებისთვისაა. მამაკაცებში კიბოს განვითარების საფრთხე არ ვლინდება. ხოლო ქალების შემთხვევაში, ვირუსი ხშირად სრულდება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.

პაპილომავირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად.

სექსუალურად აქტიური ქალებისთვის, მნიშვნელოვანი სკრინინგ პროცედურაა პაპილომა ვირუსის გენოტიპური კვლევა, რომელსაც გინეკოლოგი ნიშნავს. ასევე, საპროფილაქტიკო კვლევაა პაპ-ტესტი, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. სწორედ პაპილომავირუსზე ტესტი ითვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოჩენის დროულ მეთოდად.

აქვე აღვნიშნოთ, რომ პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესი ნაწილი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რამდენიმე წელიწადში თავისთავად იკურნება, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში, აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული დროული მკურნალობა და მისი მიმდინარეობის მონიტორინგი.

იმედია, ჩვენი სტატია დაგეხმარათ სულ ოდნავ მეტი გაგეგოთ იმ ხშირად ტაბუდადებულ დაავადებებზე, რომელზე საუბარსაც საზოგადოებრივი სტიგმა უშლის ხელს.

#ციტოზრუნავს და გვსურს კვლავაც შეგახსენოთ, რომ დროული დიაგნოსტიკა და ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი და პარტნიორის ჯანმრთელობა.

ციტო მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო ცენტრითა და 9 ლაბ ექსპრესით ემსახურება პაციენტებს. მეტი ინფორმაცია ციტოს ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ ბმულზე.