გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, წინადადება ნულოვანი ბარიერის განხილვის თაობაზე არის პირველი ნაბიჯი, თუმცა ის წინადადება, რისთვისაც გირჩი პარლამენტში შევა, "ჯერჯერობით, მაგიდაზე არ დევს".

"იმ შემთხვევაში, თუ სრულად პროპორციული, უბარიერო სისტემა დაიდება, რაც ითქვა, გირჩი შევა პარლამენტში და დარწმუნებულია, რომ სხვა პოლიტიკური ძალებიც შევლენ პარლამენტში, უბრალოდ დღევანდელი განცხადება მამუკა მდინარაძის არის ერთგვარი საუბრის დაწყება ამ თემაზე და არა თვითონ ის პირობა, რის გამოც გირჩი უნდა შევიდეს პარლამენტში", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველთან.

მისივე თქმით, მდინარაძესთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. ის, ასევე, ამბობს, რომ ქართული ოცნებაში ნულოვან ბარიერზე გარკვეული ტიპის წინააღმდეგობაა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში უბარიერო სისტემასაც განიხილავენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც იანვრის მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო.

გირჩის ლიდერებს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე რაქვიაშვილის საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ, ისინი მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.