სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

"მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებასა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას", — აცხადებენ სუს-ში.

უწყება უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას.