ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მთავრობისა და პარლამენტის წევრებს "მოსთხოვს", რომ პოლიტიკურ კულტურასთან იყვნენ შესაბამისობაში. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თალაკვაძისგან იმ წერილზე პასუხს ელიან, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების შესახებ გაუგზავნეს.

"ჩვენ მხოლოდ პარასკევს გავაგზავნეთ წერილი. პარლამენტს ჰქონდა დასვენების დღეები და ჯერ არ ველოდებით, მაგრამ იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს პარლამენტის თავმჯდომარისგან. იმედი მაქვს, ჩვენს არგუმენტებს სერიოზულად გაიზიარებს, ახსნა-განმარტებასაც მოგვაწვდის და ექნება საშუალება, აგვიხსნას — როგორ უნდა გაუმჯობესდეს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს მოსთხოვს თალაკვაძე, რომ ისინი შესაბამისობაში იყვნენ პოლიტიკურ კულტურასთან", — განაცხადა მან [TV პირველის თარგმანი].

4 თებერვალს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, თეა წულუკიანთან პარლამენტში მივიდა. თეა წულუკიანმა კარლ ჰარცელი პარლამენტში 3 თებერვალს მიიწვია და განაცხადა, რომ ისურვებდა გვარამიას ნომრის გასაჯაროების შესახებ ჰარცელის შეფასება განეხილათ. როგორც კარლ ჰარცელმა 3 თებერვალს თქვა, მისთვის ეს "არაეთიკური" იყო.

შეხვედრის შემდეგ, 5 თებერვალს ევროპარლამენტარებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილი გაუგზავნეს და წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე ჰარცელის პოზიცია გაიზიარეს. მათი განცხადებით, ეს ქმედება "არაეთიკური" იყო და აღნიშნეს, რომ "უსიამოვნოა", როცა პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება პარლამენტის კედლებში გაუფრთხილებლად ირღვევა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

ნომრის გასაჯაროების შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მასთან უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. მან, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.

ნომრის გასაჯაროების საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.