გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple თავისი ელექტრომობილების წარმოებას ჰიუნდაის შვილობილ კომპანია Kia-ს მიანდობდა და მასში 3,6-მილირადიან ინვესტიციასაც განახორციელებდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ჰიუნდაის აქციების ფასი 8,4%-ით, ხოლო Kia-სი 15,3%-ით დაეცა.

Bloomberg-ის მიხედვით, ჰიუნდაისა და კიას არანაირი შეთანხმება არ ჰქონიათ Apple-თან ავტონომიური ელექტრომობილის შექმნის თაობაზე.

სამხრეთ კორეულ ავტომწარმოებლებს რამდენიმე კომპანიასთან ჰქონდათ კავშირი, თუმცა შეთნხმება ვერც ერთთან შედგა.

იაპონური გამოცემა Nikkei იუწყება, რომ Apple-ს კონტაქტი მინიმუმ ექვს კონცერთან აქვს. აქედან გამომდინარე, ეფლის მომავალი ავტომობილის ბედი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნათელია, რომ ეფლი ავტომობილების გამოშვებით სერიოზულადაა დაინტერესებული და ავტონომიური ელექტრომობილის ხილვა მხოლოდ დროის ამბავია.