რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის საკითხს დააყენებს. როგორც აბაშიძემ On.ge-ს უთხრა, როდის გაიმართება მათი მორიგი შეხვედრა ჯერ უცნობია.

"ჩვენი ფორმატი, მოგეხსენებათ, სხვა საკითხებისთვის არის შექმნილი, მაგრამ ჩემი ინიციატივით, მე ამ საკითხებს ყოველთვის ვაყენებ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატის თემატიკაა, თუმცა როცა ეს კომუნიკაცია არის, ვიყენებთ ამ საშუალებას", — აღნიშნა აბაშიძემ.

5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ამავე თემაზე: