რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის მტკიცებით, 11 თებერვალს სინოდის სხდომაზე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს გადააყენებენ. ამის შესახებ მათ განცხადება ფეისბუქზე გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ცვლილებები "რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით" იგეგმება.

"[იგეგმება] ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, იმისათვის, რომ "კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს", ასევე, იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომლებიც სინოდში "რუსეთის გავლენის" გაძლიერებისთვის იმოქმედებენ.

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქ მიმართვა გაავრცელა და ინფორმაციას "ფანტაზია" უწოდა

"ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ", — დაწერა მან.

რელიგიის ექსპერთა ასოციაცია წარმოადგენს თეოლოგთა, ეკლესიის ისტორიის და საეკლესიო საკითხების მკვლევართა გაერთიანებას, რომლის მიზანია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების დაკვირვება და შეფასება.

სინოდის ბოლო სხდომიდან თითქმის 1 წლის შემდეგ, 11 თებერვალს მღვდელმთავრები საპატრიარქოში ისევ შეიკრიბებიან.