თითქმის 2,5 თვის შემდეგ პირველად, საქართველოში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. თბილისს შეზღუდვების მოხსნა დილიდან დაეტყო — უკვე გადაჩვეული თვალისთვის თითქოს უცხოც კია ხალხი ავტობუსების გაჩერებებსა თუ მეტროში.

მგზავრი დილით სამსახურში წასასვლელად მეტროს ელოდება

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"ძალიან კარგია და მიხარია, რომ, როგორც იქნა, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ბევრი პრობლემა შექმნა უტრანსპორტობამ ზოგადად", — გვითხრა ლიკა გურგენიძემ, რომელიც მეტროში მატარებელს ელოდებოდა.

ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა უხარიათ სხვა მგზავრებსაც. ბევრს მიაჩნია, რომ ეს შეზღუდვა დიდხანს გაგრძელდა.

"აქამდეც უნდა გახსნილიყო, პერიოდულად, ნელ-ნელა უნდა გახსნილიყო ყველაფერი", — გვითხრა თამარ ბასიტაშვილმა, რომელმაც მეტროთი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ პირველად იმგზავრა.

"უნდა გახსნილიყო, დრო იყო ნამდვილად", — ამბობს მაია ტაბატაძე, რომელმაც, ასევე, მიწისქვეშა ტრანსპორტი ორთვენახევრის შემდეგ პირველად გამოიყენა.

სადგურის მოედანის ავტოსადგურზე მგზავრები მატარებელში სხდებიან

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

მგზავრები წერეთლის მეტროში ჩადიან

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ავტობუსის გაჩერება სადგურის მოედანზე

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"აუცილებელი იყო გახსნა. ორ თვეზე მეტია ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტაქსით დავდიოდი სამსახურში, მანქანა მე არ მყავს და აბა რა მექნა?!", — გვეუბნება მანანა ამირანაშვილი, რომელიც გაჩერებაზე ავტობუსს ელოდება.

მანანა ამირანაშვილი გაჩერებაზე აბვტობუსს ელოდება

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

წერეთლის გამზირზე მგზავრი ავტობუსს ელოდება

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

შეიძლება ითქვას, დილით მეტროსა და ავტობუსების გაჩერებებზე მგზავრთა სიმცირე შეინიშნებოდა

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

სადგურის მოედნის მეტროსადგური

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

დღეიდან სრულად გაიხსნა ბაზრობებიც. ტრანსპორტისა და ბაზრობების მუშაობის აღდგენა ერთნაირად უხარია ხათუნა ახვლედიანს, რომელიც თავს გოზინაყების გაყიდვით იჩენს. როგორც ის გვიყვება, უტრანსპორტობის გამო სადგურის მოედნიდან სამგორში ფეხით დადიოდა.

ხათუნა ახვლედიანი სადგურის მოედნის ბაზრობაზე გოზინაყებს ყიდის

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"დავდივარ ქუჩა-ქუჩა, დავატარებ ჩემს გოზინაყებს და ვწვალობ. აქედან მივდიოდი სამგორში ფეხით და ახლა ძალიან მიხარია, რომ გაიხსნა მეტრო, შემიმსუბუქდება ცოტათი შრომა", — გვეუბნება ხათუნა.

რუსუდან ქიტიაშვილი 25 წელია მუშაობს. სადგურის მოედანზე არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში ჩუსტებს ყიდის. დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ისიც მიესალმება და ფიქრობს, რომ რეგულაციები ადრე უნდა შემსუბუქებულიყო.

რუსუდან ქიტიაშვილის სავაჭრო კუთხე სადგურის მოედნის ბაზრობაზე

ფოტო: On.ge

"ვერ ვვაჭრობ, ვდგავარ ასე. უფრო ადრე უნდა გახსნილიყო და უფრო ადრე უნდა გამოვსულიყავით. საარსებო წყარო ხომ გვინდა? პენსია მე არ მაქვს, რა ვქნა? ოჯახი მყავს, შვილები, შვილიშვილები. დღეს, მაგალითად, მყიდველი არ შემოდის. ადრე რომ გახსნილიყო, უფრო კარგი იქნებოდა", — გვიყვება რუსუდანი.

ღია მაღაზიები სადგურის მოედანზე

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"გიჟად ვიქეცით სახლში, ფაქტობრივად. სამ თვემდე ვიყავით სახლში და მივესალმებით, რა თქმა უნდა, გახსნას. ლუკმა პურის ფულს მაინც ვიშოვით", — ამბობს ნანა ცეცხლაძე.

გარე ვაჭრობა სადგურის მოედანზე

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"დისკომფორტია ის, რომ მაღაზიებში ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს და ბაზარში ვერ მოვდიოდი. ასევე, შემოსავლის წყარო დამივიდა ნულზე. ტრანსპორტი ცოტა ადრე რომ გახსნილიყო, უკეთესი იქნებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ფენა, რომ ტაქსებში ფული ვიხადოთ", — გვეუბნება ერთ-ერთი მგზავრი, მარინა მეგრელიძე.

მყიდველი არჩევს ქუდს

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან შემსუბუქდა. საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები. ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ხოლო მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურება. დღეიდან გაიხსნა ბაზრებიც, სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები კი პირველი თებერვლიდან მუშაობენ.

ცნობილია ისიც, რომ 15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ასევე, კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.

შეზღუდვები მხოლოდ სამუშაო დღეებში იხსნება და შაბათ-კვირას ძალაში რჩება. არ მოხსნილა კომენდანტის საათიც.