ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"დარწმუნებული ვართ, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დაახლოებით გვექნება იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ამისთვის გარანტია არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის პარტიული რესურსი, საშტაბო რესურსი და რაც მთავარია გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა, რაც ჩანს სოცკვლევებში და ამაში არის სერიოზული დამსახურება იმ ოპოზიციის, რომელიც თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს", — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ, მათ შორის კანდიდატების "გადახალისება".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.