ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის გამოტანილი განაჩენი არის რუსეთის გაღიზიანების გამოხატულება სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებაზ.

"მაინც მგონია, რომ ეს არის ჩვენი, ყველასი ერთად, სასჯელი იმისათვის, რაც მოხდა სტრასბურგში ძალიან ცოტა ხნის წინ. მე არ მგონია, რომ გაღიზიანების გამოხატვა არ იყოს ეს და ვინმე ცდილობდეს ამ გაღიზიანების დაფარვას. პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი გამოხატვა ამ გაღიზიანების რუსების მხრიდან, იქ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფება არაფერ შუაში არ არის, შედარებით, რა თქმა უნდა, რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: