ტურისტული სფეროს წარმომადგენლის, ალექსანდრე გიორგიძეს განცხადებით, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რამდენიმე გიდმა დღეს თბილისში ტური ჩაატარა. მისი განცხადებით, ახლა თუ არ აღდგება მათი სექტორი, სეზონის გახსნა კიდევ უფრო "გაეწელებათ". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი პროცესში, არ ვიცი როგორ გადმოვცე ეს ყველაფერი. მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენს საქმეს არ აკეთებთ ერთი წელი და მერე იწყებთ მის გაკეთებას. ეს ემოციურად ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ცრემლიც კი მომადგა. ნამდვილად, საქმე რომელსაც ჩვენ ვემსახურებოდით და ბიუჯეტში სერიოზული კონტრიბუცია შეჰქონდა, გაჩერებულია. დღეს იყიდება ტურები ჩვენს ყველა სამეზობლოში. ამაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კუთხით არაფერი არ გაკეთდა", — განაცხადა მან.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკი მათ სფეროში არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ღია სივრცეში უწევთ მუშაობა.

"ჩვენ არა ვართ ის ხალხი, ვინც ქუჩაში უნდა იდგეს. ჩვენ არ ვთხოვთ, რომ დაგვეხმარნონ, ვიმუშავებთ და აქეთ გადავიხდით ბიუჯეტში თანხას, ეს რატომ არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, გაუგებარია", — განაცხადა მან.

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ამუშავებას ითხოვენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს.