ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის უკნონო პატიმრობის გაგრძელებას.

"ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12 წელზე მეტი ხნით გაგრძელდეს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა გუშინ, 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: