გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას "სასწაული პირობა შესთავაზეს". მისივე განცხადებით, თუ მმართველი პარტია ამ პირობას დათანხმდება, პარლამენტში შევლენ.

"ჩვენ შევთავაზეთ სასწაული პირობა [ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით], თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ ფაქტობრივად, პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მინიმუმ ჩვენ ხომ შევალთ იქ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგების სრული შემადგენლობა ამ საკითხის გადასაწყვეტად ყველანი შემოვიდნენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია", — განაცხადა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

ის, ასევე, ამბობს, რომ პარლამენტში სხვებს თუ ვერ შეიყვანენ, პოლიტიკურ პასუხს აგებენ და თვითონ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.

"თუ ჩვენ ვერ შევკრავთ საკმარის რაოდენობას, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და ჩვენ შევალთ პარლამენტში", — აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც იანვრის მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო.

გირჩის ლიდერებს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე რაქვიაშვილის საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამთ, ისინი მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. გირჩის ლიდერები ხშირად საუბრობდნენ ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრისა და მათთან საუბრის სურვილზე.