ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ნათესავებმა ავტობანის აღაიანის მონაკვეთთან გზა გადაკეტეს. გახელაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხელისუფლებას ადეკვატურ რეაგირებას სთხოვენ. მონაკვეთზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.

"გადავკეტეთ, რომ დროულად იმოქმედონ და რეაგირება ჰქონდეთ, 7 თვეა ამბობებ, ვმუშაობთ, ვმუშაობთო. დრო გვითხრან, რომ 2 თვეში, მაგალითად, გამოუშვებენ და გავჩერდებით ჩვენც. არავის არ აქვს პასუხი", — აცხადებს გახელაძის ერთ-ერთი ნათესავი.

"ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს, რომ დაჭრილი შვილი უდანაშაულო შვიდი თვეა იქ ზის და დღეს კიდევ გამოგვიცხადეს, რომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ჩანთაში მამამისის 1 მუჭა წამლები მაქვს, ხელებში არ ჩამაკვდეს-მეთქი", — ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა დღეს, 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: