საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა საქპატენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი კასრაძის შრომის უფლებების უკანონო შეზღუდვა. კასრაძე ამბობდა, რომ ხელმძღვანელი მისგან მთავარი არხის რეგისტრაციის გაჭიანურებას ითხოვდა.

"პირველი გამარჯვება ჩემს საქმეზე. სახალხო დამცველმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რითიც დადგინდა ჩემი შრომის უფლების უკანონო შეზღუდვა. საქპატენტის თავმჯდომარის უკანონო ქმედებებზე, წინ კიდევ გამოძიება და ორი სასამართლოა", — წერს კასრაძე.

ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სახალხო დამცველის აპარატშიც დაუდასტურეს.

ირაკლი კასრაძე მისივე სამსახურის ხელმძღვანელს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებდა. მან მინდია დავითაძის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით 2020 წლის 30 ივლისს მიმართა.

კასრაძე On.ge-სთან აცხადებდა, რომ საქპატენტის ხელმძღვანელისგან მიიღო უკანონო დავალება, რომლის მიხედვით, პრობლემები უნდა შეექმნა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიასა და მთავარი არხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, ბაზაზე წვდომა შეუზღუდეს და უფუნქციოდ დატოვეს.

ის ამბობდა, რომ მეორე დღეს, მან გაერთიანებული ოპოზიციის სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა, რის გამოც მინდია დავითაძემ დაიბარა და უთხრა, რომ თუ მთავარი არხის ნიშანზეც იგივე განმეორდებოდა, საკადრო ცვლილებები შეეხებოდა.

კასრაძის თქმით, ბაზაზე წვდომა გამოურთეს და უფუნქციოდ დატოვეს, მისი უფლებამოსილება კი სხვას გადააბარეს. მან გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართა და ხელმძღვანელის ქმედებების კანონიერების შესწავლა მოითხოვა. საქპატენტში კი ირწმუნებოდნენ, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ირგვლივ კასრაძის ქმედებები რეგისტრაციის პროცესის პოლიტიკური მიზნებით შესაძლო გამოყენების შესახებ კითხვებს აჩენდა, ამიტომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა მასზე დელეგირებული უფლებამოსილება და მთავარი არხის სასაქონლო ნიშანი კასრაძის გარეშე დარეგისტრირდა.