ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გმობს. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება ფეისბუქზე გაავრცელეს.

"დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", — წერია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საელჩო თანადგომას უცხადებს გახელაძესა და მის ოჯახს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა დღეს, 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: