ილონ მასკის ნეირონული ინტერფეისების კომპანია, Neuralink, ადამიანის ტვინზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, შესაძლოა, უკვე წლის ბოლოს იყოს მზად.

ამის შესახებ, მასკმა ტვიტერზე განაცხადა. მისი თქმით, Neuralink მჭიდროდ თანამშრომლობს FDA-სთან, სამთავრობო სააგენტოსთან, რომელიც არეგულირებს და ამტკიცებს ახალ ფარმაცევტულ და სამედიცინო აპარატებს.

თუმცა, ჯერ გაუგებარია, თუ რა სახით თანამშრომლობს კომპანია მარეგულიერებელთან. საინტერესოა რა სიახლეს შემოგვთავაზებს Neuralink, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მასკის დიდი დაპირებების მიუხედავად, შარშანდელმა დემო ვერსიამ ბევრი შეკითხვა გააჩინა.

Neuralink-ის ჩაშვების შემდეგ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ იმპლანტის საშუალებით, ადამიანებს მუსიკის მოსმენა შეეძლებათ და გონებით კომპიუტერებს დაუკავშირდებიან.

სულ ახლახან, მან თქვა, რომ ტვინის იმპლანტიანი მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეოთამაშებს ართმევს თავს. თუმცა, ჯერჯერობით, მოლოდინები ვერ მართლდება. Neuralink-მა, გასულ წელს, აგვისტოს პრეზენტაციით, ნეირომეცნიერებზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც აღფრთოვანებულია Neuralink-ის პერსპექტივებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასკის ერთ-ერთი დაპირება გაჟღერდა — მისი თქმით, მოწყობილობას მრავალფეროვანი დაავადებების განკურნება შეეძლება.

ამის ფონზე, მასკს უამრავი ადამიანი, საკუთარ თავს კვლევის ობიექტად სთავაზობს. რთულია განვსაზღვროთ რა იქნება შემდეგში, მაგრამ მასკის დაპირება ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დაპირებისამებრ, Neuralink-მა წლის ბოლოს ადამიანების ტვინზე ექსპერიმენტების უფლება თუ მიიღო, ეს ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.