პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტია მოქალაქეებს არ სურს დროებით საგამოძიებო კომისიაში შესვლა, რადგან თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ამის შესახებ მან გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

გია ვოლსკის აზრით, კომისიის მუშაობაში, რომელმაც 31 არჩევნებზე დარღვევები უნდა გამოიძიოს, ექსპერტებიც უნდა ჩაერთონ.

"მე ვფიქრობ, რომ ეუთოს წარმომადგენლებსაც რაღაც გარკვეული მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ამაში", — აღნიშნა ვოლსკიმ.

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში მიიღებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, თუ მასში ჩაერთვებიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც უბნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ.

"ესენი არიან, პატრიოტთა ალიანსი, ნაციონალური მოძრაობა და მეორე ნაციონალური მოძრაობა — ბოკერიას პარტია. ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები", — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ "გაყალბების სურათი" დაინახონ, აუცილებელია ეს პარტიებიც მონაწილეობდნენ. იგი ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში, "აზრს" ვერ ხედავს.

ქართულმა ოცნებამ საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ დააანონსა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, კახა კუჭავამ განაცხადა, თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ისინი მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. თუმცა, მისი თქმით, პარტიაში "ღრმად" არიან დარწმუნებულნი, რომ "დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია".