რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადება შეზღუდვების დარღვევასთან დაკავშირებით არარელევანტურია და არის "განცხადება განცხადებისთვის".

"ეს არის უბრალოდ რიტორიკა, მეტი არაფერი, რეალურად ვერ ჩაიწერება კანონში, რომ ადამიანი რომელიც გამოდის აქციაზე, ვერ მიიღებს საბანკო დახმარებას. განცხადება განცხადებისთვის დარჩეს... დიდხანს ვიცინოდი და კარგი ანეკდოტია, სხვათა შორის, შეიძლება გარკვეულწილად ანეკდოტად გამოდგეს მომავლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ საანეკდოტოთ არ გვაქვს საქმე", — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად 6 თებერვლიდან ზოგიერთი რესტორანი გახსნას მაინც აპირებდა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დაარღვევს არსებულ შეზღუდვებსა და წესებს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიასა და დახმარებას ვეღარ მიიღებს. როგორც მთავრობაში ამბობენ, ეს განცხადება არა მხოლოდ რესტორნებს, არამედ ბიზნესის ყველა სექტორს ეხება.

გაიმართება თუ არა მაინც საპროტესტო აქცია შაბათს, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამის შესახებ ხვალ, 5 თებერვალს გახდება ცნობილი.

მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა, რომელიც ორ ეტაპად: 8 და 15 თებერვლიდან დაიწყება. კერძოდ:

  • ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;
  • ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.

შეზღუდვების თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოიხსნა, რადგან სხვა ქალაქებში ტრანსპორტი და კვების ობიექტები უკვე ფუნქციონირებდა, სწავლა კი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ბაზრობებს მათი გახსნა 15 თებერვალს იყო დაანონსებული.