ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ვერდანერგვაში სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების დადანაშაულება.

"EMC მოუწოდებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შემყვანი რიტორიკა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, თითქოს სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და ექსპერტების ბრალია", — აცხადებს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, ის კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის დოზების დაზუსტებასთან დაკავშირებით, პირბლემების მხოლოდ მცირე ნაწილის მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

"კანონპროექტი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილის, ისიც არასაკმარისად მოგვარებას გვთავაზობს. შემოთავაზებული რედაქცია ოდენობების განსაზღვრის პრინციპად იღებს ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლისთვის საჭირო დოზებს და უგულებელყოფს უფრო მოწყვლადი ჯგუფების - ნარკოტიკის რეგულარული მომხმარებლების და წამალდამოკიდებული ადამიანების საჭიროებებს. შედეგად, ეს ადამიანები კვლავაც შეიძლება აღმოჩდნენ მკაცრი საპატიმრო სასჯელის რისკის ქვეშ, თუნდაც მათთვის საჭირო ერთჯერადი დღიური დოზით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

EMC ხაზს უსვამს კანონპროექტის განხილვის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკის პრობლემურობას.

"კანონპროექტის შინაარსის მიღმა, უკიდურესად პრობლემურია მისი განხილვის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომ თითქოს მათი უმოქმედობა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით, სამოქალაქო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტების და აქტივისტების პასუხისმგებლობაა, რომლებიც, 2017-2018 წლებში სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვდნენ. აგრეთვე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ჰგავს ხელისუფლების მხრიდან პირობების წამოყენება, რომ თუკი დარგის ექსპერტები, აქტივისტები და უფლებადამცველები კრიტიკულად შეაფასებენ კანონპროქტს, მაშინ პარლამენტი შეაჩერებს მის განხილვას და ამაზე პასუხისმგებელი სამოქალაქო ორგანიზაციები იქნებია", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე, ისინი აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში სამოქალაქო ორგანიაციების და დარგის ექსპერტების კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხი არ უნდა იყოს კანონპროექტის განუხილველად დატოვების მუქარა, არამედ შესაძლებლობა შემდგომ რეფორმებზე მსჯელობისთვის.

როგორც კანონპროექტის განხილვისას იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის კანონპროექტი 3 წლის წინ არ დამტკიცდა, "კაკი ზოიძის და დავით [სუბელიანის] ულტიმატუმის" დამსახურებაა.

"საბჭოს გვერდის გავლით დაწერეთ EMC-სთან და სხვებთან ერთად ის დიდი რეფორმა და კაკი ზოიძემ შემოაგდო პარლამენტში, ეს არის რეალობა. დაღუპეთ ის, რაზეც ახლა დღეს ვსაუბრობთ, 3 წელი დააკარგვინეთ იმ ადამიანებს, ვინც ციხეში ელოდება ამ კანონპროექტს", — განაცხადა წულუკიანმა სხომაზე.

მან განაცხადა, რომ სწორედ იმ "ულტიმატუმების" გამო დაკარგა კანონპროექტმა სამი წელი, რაც აკაკი ზოიძესა და დავით სუბელიანს ჰქონდათ.