იუსტიციის სამინისტრო მიმდებარედ მორაგბეების მიერ გამართულ აქციას "უსაფუძვლოს" უწოდებს და აცხადებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა.

"გვსურს განვმარტოთ, რომ იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისი იუსტიციის სახლის შენობაში არ მდებარეობს. ამგვარად, აქციის მონაწილეთა იუსტიციის სახლის წინ ყოფნა და სერვისის გაცემისას მოქალაქეებისათვის დისკომფორტის შექმნა უსაფუძვლოა", — აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის სახლთან მორაგბეების აქცია დღეს გაიმართა, ისინი უწყების მიერ ირაკლი აბუსერიძისთვის უფლებამოსილების ცნობას ითხოვდნენ.