TikTok-ის პოპულარობა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ და ინსტაგრამი დაუღალავად ცდილობს არ ჩამორჩეს კონკურენტს. სწორედ ამიტომ, სულ მალე, შეიძლება Instagram-ის სთორიებმა სახე იცვალონ და ვერტიკალური ფორმა მიიღონ, ანუ მათი ნახვა ზევით-ქვევით ჩამოგორებით შეგვეძლება, ზუსტად ისე, როგორც ტიკტოკის ვიდეოებს ვნახულობთ ხოლმე.

Instagram-მა დაადასტურა, რომ ვერტიკალური სთორიები ჯერ არ დაუტესტავთ, თუმცა კოდი უკვე მზადაა და მხოლოდ დახვეწაღა ჭირდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ინსტაგრამი TikTok-ის ფუნქციონალს ითვისებს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე Reels იყო, რომელიც ტიკტოკის ფორმატის მსგავსი ვიდეოების გადაღების და მეგობრებთან გაზიარების საშუალებას იძლევა.

2020 წელი ინსტაგრამისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, კომპანიამ ბევრი სარისკო ნაბიჯი გადადგა, თუმცა ადამ მოსერის, ინსტაგრამის დირექტორის, თქმით 2021 წელს ისინი ამ რისკების გამართლებასა და ზოგადად აპლიკაციის გამარტივებას დაუთმობენ, რაც მომხმარებლებს ცხოვრებას ცალსახად გაუმარტივებს.