ადამიანის უფლებათა ცენტრი და მედიის ინსტიტუტი აცხადებენ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის მაღაზიაში, პროვოცირებულია მაღალი თანამდებობის პირებისა და მედიასაშუალებების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის საკანონმდებლო გარანტია ემსახურება ბრალდებულის უფლებების დაცვას არა მხოლოდ სამართალმწარმოებელ ორგანოებში, არამედ საზოგადოებაშიც", — ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, მისი დაწყებიდან დღიდან, სახელისუფლებო ძალები, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მიზნით, პოპულისტური შინაარსის შეფასებებს ავრცელებდნენ.

"ე.წ. კარტოგრაფების საქმის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში დაწყება და მის ირგვლივ სახელისუფლებო ძალებისა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების შეფასებების ძირითადი ნაწილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით კეთდებოდა, რასაც ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური შინაარსი ჰქონდა და საზოგადოების აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, მედია, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევით, ჩრდილს აყენებს საკუთარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ შეიძლება, განხილულ იქნას როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების სფერო", — აცხადებენ ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და მედიის ინსტიტუტი მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებას, თავი შეიკავონ პოპულისტური კომენტარებისგან, არ შელახონ კონკრეტული ადამიანების უფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირიქით, ორგანიზაციების მოწოდება ხელისუფლებამ საჯაროდ დაგმოს უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ფაქტები და გააკეთონ ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდამჭერი განცხადებები.

ორგანიზაციები მიმართავენ მედიასაშუალებებსაც და მოუწოდებენ, ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას გაითვალისწინონ საზოგადოების მიერ მათ მიმართ აგრესიის შესაძლო რისკი.

"მედიასაშუალებებმა უნდა უზრუნველყონ საქმის გაშუქება ისე, რომ მასში არ იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ", — აცხადებენ ისინი.

ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის მაღაზიაში 1-ელ თებერვალს მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით, მელაშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც "პროვოკაციებს აწყობს ხოლმე".

ივერი მელაშვილი, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მეორე ბრალდებულთან, ნატალია ილიჩოვასთან ერთად გირაოს სანაცვლოდ 28 იანვარს გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გაიგეთ მეტი: