უკვე რამდენიმე წელია Studio Ghibli-ს გულშემატკივრები გასართობი პარკის გახსნას მოუთმენლად ელიან. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი, ჩემი მეზობელი ტოტორო, პრინცესა მონონოკე - ეს სახელები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გასართობი პარკი ნამდვილად ჯადოსნური ადგილი იქნება.

ყველასათვის საყვარელი პერსონაჟების, ცხოველებისა და ჯადოსნური არსებების ქანდაკებების გარდა, პარკში ჰოულის მოსიარულე კოშკიც აშენდება. ნაგებობა დაახლოებით, ხუთსართულიანი შენობის სიმაღლის იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯადოსნურ კოშკს სიარული არ ეცოდინება. მიუხედავად ამისა, ექსცენტრიული ჰოულის სამფლობელო გულშემატკივრებს იმედს არ გაუცრუებს.

ფოტო: Oliver Sin/Dribbble

გასართობი პარკი რამდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი. უკვე ცნობილია, რომ გულშემატკივრებს პარკში ჩემი მეზობელი ტოტოროს მიხედვით შექმნილი დონდოკოს ტყის სივრცე და პრინცესა მონონოკეს ინსპირაციით აშენებული სოფელი დახვდებათ. პარკში იქნება მაღაზიებიც, სადაც საყვარელი პერსონაჟების სუვენირების ყიდვა იქნება შესაძლებელი.

გასართობი პარკი 2022 წელს ნაწილობრივ გაიხსნება. პრინცესა მონონოკეს სოფელი და კიკის მიტანის სერვისის ინსპირაციით შექმნილი ჯადოქრების ხეობა სტუმრებს 2023 წლიდან მიიღებს.