პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დაარღვევს არსებულ შეზღუდვებსა და წესებს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიასა და დახმარებას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გარდა იმისა, რომ, როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი დასჯა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ იმ სუბსიდირებასა და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებში. ამასთან, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას", — განაცხადა გახარიამ.

მისი შეფასებით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება და ნაბიჯი, რომელმაც პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ორგანიზაცია უნდა გამოავლინოს.

მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა დააანონსა, რომელიც ორ ეტაპად: 8 და 15 თებერვლიდან დაიწყება. კერძოდ:

  • ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები;
  • ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები შეძლებენ იმუშაონ ღია სივრცეში.

შეზღუდვების თბილისში, რუსთავსა და ქუთაისსში მოიხსნა, რადგან სხვა ქალაქებში ტრანსპორტი და კვების ობიექტები უკვე ფუნქციონირებდა, სწავლა კი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება ბაზრობებს მათი გახსნა 15 თებერვალს იყო დაანონსებული.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, ერთი კვირის თავზე განხილული იქნება შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება.

"თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის იმისთვის, რომ აუცილებელი წესები დაციცვათ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა, გაუქმება, არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების", — განაცხადა მან.