დღეს ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებულია. მიზეზი მაგისტრალის საშუალებით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას, რომელსაც არაგაბარიტული ტვირთი გადაჰქონდა ნებართვა ჰქონდა.

"გადატანისას დაზიანდა აღნიშნული ტვირთი, რის გამოც ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა, თუმცა, ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან მეორეხარისხოვანი გზით," - აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა 250 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მოძრაობის შეფერხებისა და ტვირთის დაზიანების გამო.