20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური აცხადებს, რომ ერთი თვეა ცდილობს გერმანიაში, ექიმთან გეგმიური ვიზიტისთვის გაფრენას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხზე კომუნიკაციას ვერ ახერხებს.

როგორც გომური საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, აქამდე მას კომუნიკაცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, ავთო თალაკვაძესთან. გომურის ინფორმაციით, სწორედ თალაკვაძე იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულების მკურნალობის პროცესს კურირებდა. მისი თქმით, თალაკავაძის თანამდებობდან წავსლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან ვერავისთან ახერხებს ეფექტიან კომუნიკაციას.

მაკო გომურის თქმით, 20 ივნისის შემდეგ მასთან მივიდნენ და უთხრეს, 4 საათში გერმანიაში უნდა გაფრინდე, რადგან შენი ჯანმრთელობა უპირველესიაო. მათ შორის კი ერთ-ერთი ავთო თალაკვაძე იყო, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია. საჭიროებისამებრ კონტაქტიც მასთან ხერხდებოდა.

"ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი (20 ივნისს დაზარალებულების) მკურნალობის ამბების მოგვარება. აი, მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები...მაკო, პირადად მე... შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ... და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები. მოკლედ, ზღაპრები. ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი. იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე.
ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ — ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი)

ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით? საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო. იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე", — აცხადებს გომური.

მისივე თქმით, მას თვალის პროთეზი 3 კვირის წინ გაუტყდა და ახლა ისეთ პროთეზს იყენებს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ მარტივ კითხვას უსვამს.

"ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა", — წერს მაკო გომური.

როგორც მაკო გომურმა On.ge-სთან დამატებით განაცხადა, არჩევნებამდე მას კომუნიკაციაზე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უარი ჯანდაცვის სამინისტროდან არც ახლა მიუღია, თუმცა თალაკვაძის მოვალეობის შემსურლებელი საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე.

On.ge-მ სცადა დაკავშირება ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა უწყებაში ზარს არ პასუხობენ.

2019 წლის 20 ივნისს სამოქალაქო პროტესტი საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. სწორედ მათ შორის იყო მაკო გომურიც — მან აქციაზე თვალი დაკარგა.