პატარა სამეგობროს მიერ 7 წლის წინ დაწყებული შეკრებები ნელ-ნელა დიდ, მუსიკალურ, დაუვიწყარ თავყრილობებში გადაიზარდა და მივიღეთ კომუნა მზესუმზირა, რომელმაც მსემენელს უამრავი ენერგიული და დაუვიწყარი დღით, ღამით თუ გამთენიით დაამახსოვრა თავი.

თუმცა, პანდემიის გამო მზესუმზირამ საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდან შეწყვიტა და მას შემდეგ, მხოლოდ ორი ღონისძიების ჩატარება შეძლო ეზოს ტერიტორიაზე. ამ პერიოდში დაჯარიმდა კიდეც, რაც ორგანიზატორებმა უკანონოდ შეაფასეს.

გადადებული ღონისძიებების და შეჩერებული საქმიანობის გამო, მზესუმზირა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით შექმნა პროექტი Donate to Mzesumzira.

საიტზე ფესტივალის ერთგულ ადამიანებს შეუძლიათ შეიძინონ პოსტერები, გულსამაგრები, ივენთის ბილეთები, ღვინო ჟუჟუნა, ალტერსოქსის წინდები, და ა.შ. ან უბრალოდ მზესუმზირას ანგარიშზე თანხა გადარიცხონ.

ფოტო: Donate to Mzesumzira

გულშემატკივრების დახმარებით, მზესუმზირამ საჭირო რესურსების 30%-ის მობილიზება შეძლო, თუმცა ზუსტად ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხის გადასახადის დრო მოუწია.

"დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი. რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა", — წერს მზესუმზირა ფეისბუქზე.

გამარჯობა, მეგობრებო 💛 პირველ რიგში, გვინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, თითოეულ თქვენგანს, ვინც რაიმე ფორმით...

Posted by Mzesumzira on Wednesday, February 3, 2021

მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოს გადასახადის გადავადების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს, თანხა დონაციებიდან ჩამოაჭრეს და არსებობისთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5%-მდე დაიყვანეს:

"ჩვენ არ ვითხოვდით ამ გადასახადების გაუქმებას, უბრალოდ ვითხოვდით გადავადებას. სახელმწიფოს გულგრილობის წყალობით კი ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საიდანაც თავის დაღწევის მინიმალური შანსები გაგვიჩნდა. ახლა კი გვიწევს ყველაფერი დავიწყოთ თავიდან".

სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, მზესუმზირამ დონაციის პროექტი განაახლა და სიაში ახალი საჩუქრები ჩაუშვა. კომუნა მზესუმზირა მსმენელს ახალ ლაივსტრიმებსაც ჰპირდება.

"ასე რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გპირდებით, ისეთ ჯგრიალებში შევხვდებით რომ ეს ამბები სასაცილოდაც არ გვეყოფა", — წერს მზესუმზირა ფეისბუქზე.