სულ ცოტა ხნის წინ უცხოური პრესის ასოციაციამ წლევანდელი ოქროს გლობუსის ნომინანტები დაასახელა. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ქალი კინოხელოვანები ლიდერობენ: საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ერთდროულად სამი ქალია წარდგენილი — ქლოა ჩჟაო ფილმისთვის Nomadland, რეჯინა კინგი ფილმით One Night in Miami და ემირალდ ფენელი ფილმით Promising Young Woman.

ეს ოქროს გლობუსის დაჯილდოებისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან აქამდე ამ ნომინაციაში ერთდროულად ამდენი ქალი არასდროს ყოფილა წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ გასული ხუთი წლის განმავლობაში ამ კატეგორიაში ვერცერთი ქალი რეჟისორი ვერ მოხვდა, რის გამო ოქროს გლობუსის დაჯილდოების მესვეურებს ხშირად აკრიტიკებდნენ. წელს კი ერთდროულად სამ რეჟისორ ქალს კონკურენციას აარონ სორკინი (The Trial of the Chicago 7) და დევიდ ფინჩერი (Mank) გაუწევენ.

ფრენსის მაკდორმანდი ფილმში Nomadland, რომელსაც ვენიციის წლევანდელ კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო გადაეცა.

ფოტო: Searchlight Pictures

გასათვალისწინებელია ისიც, რომ 78-წლიანი ისტორიის მქონე ამ დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია აქამდე მხოლოდ ხუთ ქალს ჰქონდა მიღებული: ბარბარა სტრეიზანდს, (1984 წელს ფილმისთვის Yentl), ჯეინ კემპიონს (1994 წელს ფილმისთვის The Piano), სოფია კოპოლას (2004 წელს ფილმისთვის Lost in Translation), კეტრინ ბიგელოუს (2010 წელს ფილმისთვის The Hurt Locker და 2013 წელს ფილმით Zero Dark Thirty) და ავა დიუვერნეის (2015 წელს ფილმისთვის Selma).

აქამდე ბარბარა სტრეიზანდი ერთადერთი ქალი რეჟისორი იყო, რომელმაც ამ კატეგორიაში ჯილდო მოიპოვა, თუმცა, შესაძლოა, წელს მსგავსი წარმატება კიდევ ერთმა კინოხელოვანმა ქალმა გაიზიაროს.

ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.