ალბათ გახსოვთ, როგორ იმედიანად უყურებდა ამერიკელი მწერალი, ჯორჯ მარტინი, 2021 წელს. გასული წლის ზაფხულში მან საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ იმედოვნებდა, პანდემია და მისი მკითხველების ათწლიანი ლოდინი 2021-ში დასრულდებოდა.

როგორც ჩანს, კარანტინში ყოველდღიურად წერამ შედეგი გამოიღო — სულ ახლახან ლეგენდარული საგის შემქმნელმა განაცხადა, რომ თვითიზოლაციამ დადებითად იმოქმედა მის მიერ დაწერილ წიგნებს შორის საუკეთესოზე (როგორც თავად ამბობს) — სატახტოთა თამაშის მეექვსე ნაწილზე — ზამთრის ქარები.

"2020 წელს ზამთრის ქარების ასობით გვერდი დავწერე", — წერს მარტინი საკუთარ ბლოგზე, — "ეს საუკეთესო წელი იყო მას შემდეგ, რაც ამ წიგნზე მუშაობა დავიწყე. რატომ? არ ვიცი. შესაძლოა, თვითიზოლაციის გამო. ან, შესაძლოა, იმიტომ, რომ ნაყოფიერი პერიოდი მაქვს. ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე".

მწერალმა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგის ბოლო წიგნი, დრაკონებთან ცეკვა, 2011 წელს გამოსცა. იმავე წელს დაიწყო რომანების მიხედვით გადაღებული სერიალის ჩვენება, რომელიც, 8 სეზონის შემდეგ 2019 წელს დასრულდა. მარტინი, ფაქტობრივად, 10 წელია, რაც სერიის მეექვსე წიგნზე მუშაობს (აღსანიშნავია, რომ ეს საგის ბოლო ნაწილი არაა და დაგეგმილია მეშვიდე წიგნის, გაზაფხულის სიზმრის, გამოცემა, რომელიც, მარტინის გათვლებით, სერიალის ბოლო სეზონის გამოსვლამდე უნდა დაბეჭდილიყო).

მიუხედავად საიმედო "ასობით დაწერილი გვერდისა", მწერლის თქმით, ზამთრის ქარები არ დასრულებულა.

"ჯერ კიდევ ასობით გვერდი მაქვს დასაწერი, რათა რომანი სასურველი ფინალით დასრულდეს. ვიმედოვნებ, 2021 სწორედ ამისთვისაა", — ამბობს მარტინი, — "არ ვიტყვი, როდის დავასრულებ, რადგან, ამას რომ ვაკეთებ, ვიღაც არამზადები ინტერნეტში 'დაპირებად' იღებენ და შემდეგ მზად არიან, მაწამონ, როცა დედლაინს ვაცილებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიმედოვნებ".

კონკრეტულად ვინ მოიხსენია მწერალმა არამზადებად, უცნობია, თუმცა ინტერნეტსივრცეში მარტინი ხშირად ხდება ფანების კრიტიკის ობიექტი. 2019 წელს ავტორმა განაცხადა, რომ თუ წიგნს 2020-მდე ვერ მორჩებოდა, პოლიციას ჩაბარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მოლოდინები ვერ გამართლდა, ამიტომ გასული წლის ზაფხულში გაგრძელების მომლოდინე მკითხველები ბორკილებით მოემზადნენ მწერლის დასაპატიმრებლად.

მარტინმა ადრე ასევე აღნიშნა, რომ მისი წერის პროცესი სწორხაზოვანი არ არის. იგი რამდენიმე გვერდს წერს, შემდეგ, ხშირად მთელ თავებს შლის და თავიდან იწყებს. მწერლის თქმით, მკითხველების მოლოდინების შესახებ იცის და სურს, გაუმართლოს.

თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?