მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან "ყველა ნაბიჯი ისე უნდა შეფასდეს, როგორც ეს არის, ანუ დადებითად". წულუკიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე თემით დაინტერესებულ პირებს მოუწოდა ამ საკითხის ირგვლივ პარლამენტს დაუამხანაგდნენ.

"ყველა ნაბიჯი შეაფასონ ისე, როგორც ეს არის, ანუ დადებითად. ეს არის ცალსახად დადებითი ნაბიჯი და უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ, თუ ყველაფერს არ მოგვცემთ, ვის რაში სჭირდება ეს პატარ-პატარა ნაბიჯები. იმიტომ, რომ ეს პატარა ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს ცხოვრებას და ციხის ნაცვლად, სამედიცინო მომსახურებაზე მისცემს წვდომას.

რჩევა არის, მოდით, დავუამხანაგდეთ საპარლამენტო უმრავლესობას და ალბათ, ოპოზიციაც არ იქნება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების წინააღმდეგი და ნუ ვიქნებით მუდამ იმის ძახილში, რომ, რაკი ყველაფერს არ გვაძლევთ, ეს არ გვინდა", — აღნიშნა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მან, ასევე, პირველს თებერვალს განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობის კანონპროექტი 3 წლის წინ არ დამტკიცდა, "კაკი ზოიძისა და დავით [სუბელიანის] ულტიმატუმის" დამსახურებაა, რადგან მისივე თქმით, მათ ჰქონდათ ულტიმატუმი: ან ყველაფერი, ან არაფერი.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობების დაზუსტებას ითვალისწინებს. მისი ინიციატორები არიან: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე და ალუდა ღუდუშაური.

საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი დავით სუბელიანიც, რომელიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მან გარკვეული კრიტიკა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს კანონპროექტი არ ყოფილიყო საკმარისი.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.