ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება "არაეთიკური" იყო. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში განაცხადა.

"როცა ეს ვნახე გუშინ, არასასიამოვნო იყო. ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია, თუმცა ამას მე ვერ განვსჯი. ვიცი, რომ საკითხს შეისწავლის სახელმწიფო ინსპექტორი, ამიტომ ვნახავთ, რა იქნება მათი მოსაზრება ამ საკითხზე", — განაცხადა მან.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

ნომრის გასაჯაროების შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მასთან უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. მან, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.

ნომრის გასაჯაროების საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.