პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ — ევროპელმა სოციალისტებმა და მოქალაქეებმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვნენ. თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა.

"საგანგაშოა, რომ ამ დღეებში აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან. ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხსა და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ თვითონ ოპოზიციის შიგნით, — განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაზე მოხსენებით გამოსვლისას მან, ასევე, ოპოზიციის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვაზე ისევ უარს აცხადებს და აღნიშნა, რომ მათთვის კარი ჯერ კიდევ ღიაა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.