ანჯელინა ჯოლი ვოგის ყდაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამჯერად ბრიტანულ გამოცემასთან სხვა თემებთან ერთად ოჯახსა და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ გასულ რთულ წლებს პოზიტური პერიოდი ცვლის.

"გასული წლები რთული იყო, ოჯახის გამთელებას ვცდილობდი და ნელ-ნელა ვგრძნობ, როგორ დნება ყინული და ძარღვებში სისხლი ფეთქვას იწყებს", — განაცხადა მსახიობმა.

ფოტო: British Vogue

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2016 წელს განქორწინდნენ, მათ ათ წელზე მეტი ერთად გაატარეს და 2-წლიანი ქორწინება მტკივნეული განქორწინებით დაამთავრეს.

"შვილების სიმშვიდისთვის გარკვეული დროით განვმარტოვდი და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ვცდილობ ჭრილობების მოშუშებაზე ვიზრუნო. ზოგიერთმა ჩემი სიჩუმე ბოროტად გამოიყენა და ბავშვებმაც არაერთი სიცრუე მოისმინეს, მაგრამ მათ საკუთარი სიმართლე კარგად იციან", — აღნიშნა ჯოლიმ.

როგორც ჩანს, მსახიობი ბრედ პიტთან ურთიერთობას ნელ-ნელა ალაგებს. ანჯელინას თქმით, გადაწყვიტა სახლი ბრედისგან ხუთი წუთის სავალზე ეყიდა, რაც 2019 წელს წარმოუდგენელი ჩანდა, მაშინ მსახიობს კალიფორნიიდან წასვლა სურდა.

"სხვაგან ცხოვრება მსურს, როგორც კი ჩემი შვილები 18 წლის გახდებიან, ახლა კი იქ უნდა დავსახლდე, სადაც მათი მამა მოისურვებს", — ამბობდა მსახიობი 2019 წელს.

ფოტო: British Vogue

ანჯელინას თქმით, ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სრული ბედნიერება, თუმცა ამაზე მუშაობს.

"ჯერ კიდევ არ მიმიღწევია, მაგრამ ვცდილობ, ვგეგმავ. ასაკის მატება მომწონს, ბევრად კომფორტულად ვარ, არც კი ვიცი რატომ, ალბათ დედაჩემის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ჩემთვის ასაკი გამარჯვების წყაროდ უფრო იქცა, ვიდრე მწუხარების მიზეზად", — აღნიშნა ანჯელინამ.

ოსკაროსანი მსახიობის ხილვას 2021 წლის ორ კინოპროექტში შევძლებთ: ტეილორ შერიდანის თრილერში — Those Who Wish Me Dead და მარველის ფილმ, Eternals-ში.