ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი იყო. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"[მოლაპარაკებების გაგრძელების] პირველი ნაბიჯი, იყო პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მანდატების არგაუქმებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი ნაბიჯი. ეს არის წინაპირობა, რომ მოლაპარაკებების დინამიკა გაგრძელდეს. ასევე, ვიტყვი, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება აუცილებლად არ ნიშნავს ძალიან გაზრდილ შანსს შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კვლავ ველოდებით, რომ იმ ჯადოსნურ ადგილს ვიპოვით, რომელზეც ყველა მხარე შეთანხმდება. როგორც იცით, გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ბოკოტის რეჟიმს აგრძელებს. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ საუბრები, რომელიც გვაქვს ძალიან რთულია, რადგან ვერ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯს მხარეებისგან, რაც დამარწმუნებდა, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელზეც ფასილიტატორები ვმუშაობთ", — თქვა მან.

საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოს მოსაზრება გაიზიარა და გადაწყდა, რომ ოპოზიციის მანდატებზე კენჭისყრა გადაიდება.

1-ელ თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.

აღსანიშნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იყო.