ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არ მგონია, რომ დარღვეულია [ადამიანის უფლებები]. ამას გააჩნია, ალბათ, კონკრეტული ახსნა და შესაბამისად, ამასთან დაკავშრებით, არ მგონია, რომ კითხვის დასმის დიდი მიზეზი და საფუძველი არსებობდეს. ვინ რას ამბობს მესმის, გასაგებია, ვიღაც შეიძლება, განსხვავებულად უყურებდეს, მაგრამ მე არ მგონია, ამ ეტაპზე, რომ რაიმე საფუძველი არსებობდეს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთების" , — განაცხადა სარჯველაძემ.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

ნომრის გასაჯაროების შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მასთან უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. მან, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.

ნომრის გასაჯაროების საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.