შამისია ჰასანი ავღანეთში ცნობილია როგორც პირველი ქუჩის არტისტი ქალი. იგი 1988 წელს, თეირანში ავღანელთა ოჯახში დაიბადა. ქაბულში გადასვლის შემდეგ კი, ბაკალავრისა და მაგისტრატურის ხარისხი მიიღო ვიზუალურ ხელოვნებაში. ამჟამად შამისია ქაბულში ცხოვრობს, ქუჩის კედლებს ხატავს ფერადი საღებავებით და მშვიდობისა და იმედის მესიჯს გზავნის საზოგადოებაში. არტისტის შესახებ გამოცემა HuffingtonPost წერს.

მხატვარი ცდილობს, ნამუშევრებით ავღანეთის განსხვავებული ხედვა წარმოაჩინოს.

"მინდა, რომ ადამიანებში არსებული ყველა ცუდი მოგონება ომზე, ფერებით გადავფარო",- ამბობს შამისია ერთ-ერთ ინტერვიუში.

გარდა ამისა, ჰასანი თავის ნახატებში დომინანტ გენდერულ ნორმებსაც არღვევს.

"ჩემს ნახატებში ქალების ძალას ვაჩვენებ. ეს არ არის ქალი, რომელიც სახლში ზის, ესაა ახალი, ენერგიით სავსე ქალი, რომელსაც ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა. შეამჩნევდით, რომ ვცდილობ ქალის ფორმის შეცვლას ვცდილობ. მე მათ იმაზე დიდი ფორმისას ვხატავ, ვიდრე ცხოვრებაში არიან",-ამბობს შამისია.

არტისტი თავისი ნამუშევრებით ასევე ცდილობს დაარღვიოს სტერეოტიპები და ამბობს, რომ ტრადიციების ფარგლებშიც შეიძლება თავისუფლების მიღწევა.

მსოფლიოში ბევრს ჰგონია, რომ ბურკა არის პრობლემა, მათი აზრით, თუკი ქალი მას მოიშორებს, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის სიმართლე. ვფიქრობ, რომ ამაზე გაცილებით დიდი პრობლემები არსებობს ავღანეთში ქალებისთვის მაგალითად, ისეთი, როგორცაა ხელმიუწვდომელი განათლება",- აღნიშნავს არტისტი.

ჰასანი 2-3 თვეში ერთხელ ხატავს ახალ ნახატს. მიუხედავად იმისა, რომ შტატებში და ევროპის უდიდეს ნაწილში გრაფიტი სამართალდარღვევად მიიჩნევა, ის ავღანეთში მიღებულია. ჰასანი ქაბულის უნივერსიტეტში ასწავლის გრაფიტით ხატვას, სადაც სტუდენტების უმეტესობა თავისივე ასაკისაა.