საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალექსეი ნავალნი განაჩენს დაუშვებელი უწოდა და რუსეთს ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. რუსულენოვანი პოსტი მაკრონმა ტვიტერსა და ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

"პოლიტიკური უთანხმოება არცერთ შემთხვევაში არ არის დანაშაული. მოგიწოდებთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ადამიანის უფლებების, ისევე, როგორც დემოკრატიული თავისუფლების დაცვა არ შეიძლება განხილვის საგანი იყოს", — დაწერა მან.

რუსულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა. რუსული მედიების ინფორმაციით, ნავალნის სამ წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. სასჯელს მოაკლდება 10 თვე, რომელიც მან შინაპატიმრობაში გაატარა და საპატიმრო დაწესებულებაში 2 წელი და 8 თვე იქნება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნავალნი პირობითი გათავისუფლების წესებს არღვევდა, ამიტომ დარჩენილი ვადა პატიმრობაზე შეუცვალა.

ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როცა ის გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამართულ სასამართლო პროცესზე მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.