ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. როგორც On.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ სოფელში ჩატარდა საკარანტინე ღონისძიებები, ხოლო 3 მიმდებარე სოფელში მიმდინარეობს ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ნატო ქარდავა აცხადებს, რომ ლაბორატორიულად ცოფის შემთხვევა 22 დეკემბერს დადასტურდა, რის შემდეგაც 2-3 კილომეტრის რადიუსში ცოფის ამთვისებელი ყველა ცხოველი აცრეს.

"მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. ამასთანავე, განხორციელდა მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების პრევენციის მიზნით", — განაცხადა ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა აჭარის ტელევიზიასთან.

როგორც ადგილობრივები აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებენ, საქონელი გარეულმა ცხოველებმა დაკბინეს და ცოფი ამის შემდეგ გამოვლინდა. მათი თქმით, მსხვილფეხა პირუტყვი მათი შემოსავლის წყაროა და მუნიციპალიტეტის დახმარება სჭირდებათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.