პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შეთანხმების შემთხვევაშიც არ შევიდოდნენ, ნიშნავს, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ პარტნიორებსაც, ფასილიტატორ ელჩებსაც და ქართულ ოცნებასაც.

"ჩვენს მოლაპარაკებებში იყო პუნქტი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა [საარჩევნო სისტემის რეფორმა]. ანუ, თუ არსებობდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის ნათელს გახდიდა, რომ მიუხედავად იმისა, შევთანხმდებოდით თუ არ შევთანხმდებოდით ოთხ პუნქტზე, იქ, ჩემს გვერდზე იყვნენ პარტნიორები, რომლებიც საერთოდ არ აპირებდნენ ჩემი ინტერესის გათვალისწინებას, ანუ მატყუებდნენ მე — მათ პარტნიორს, ატყუებდნენ მომლაპარაკებელ ფასილიტატორ ელჩებს და რა თქმა უნდა, ატყუებდნენ ქართულ ოცნებას", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა TV პირველის ეთერში.

მეგრელიშვილის შეფასებით, გამოდის, რომ ეს მოლაპარაკებები სინამდვილეში იყო ულტიმატუმი, რომელსაც ერთი მხარე მეორეს უყენებდა, ამის შესახებ კი ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა არაფერი იცოდა.

"მე არ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ამ მხარეს, ახლა მე ვინც ჩამოვთვალე, რაიმე მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში, ე.წ. მოლაპარაკებებში, რომლებშიც ეცოდინებოდა, რომ შედეგის მიღწევის მიუხედავად, რომელიღაც მხარე არ არის მზად ითანამშრომლოს. ანუ, ფაქტობრივად, მოლაპარაკებები კი არ ყოფილა, ეს ყოფილა რაღაც ულტიმატუმი, რომელსაც რომელიღაც მხარე, რომელიღაც მხარეს უყენებდა და ამის შესახებ, მაგალითად მე, ან ვიღაც ადამიანებმა არ ვიცოდით", — ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჯაფარიძემდე მსგავსი ინფორმაცია ქართული ოცნების წარმომადგენელმა გააჟღერა, რაც მან არ დაიჯერა და სთხოვა დაემტკიცებინა. მეგრელიშვილის თქმით, უკვირს, რომ ეს ფაქტი ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან დადასტურდა.

"ეგეთი რაღაცა ჩვენ გვითხრა ქართული ოცნების წარმომადგენელმა და ჩვენ არ დავიჯერეთ. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მათ დაემტკიცებინათ ეს ამბავი და მართლა, გუშინ, მოულოდნელად, არ ველოდი, რომ ჩვენი მხრიდან, ანუ ოპოზიციის მხრიდან მოხდებოდა ამის დადასტურება", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გუშინ, 1-ელ თებერვალს, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ დეპუტატები, რომლებიც 4-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, საკითხის გადატანა იმაზე, რომ მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არის "სისულელე და ტყუილია". ჯაფარიძემ თქვა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი მთავარი თემა იყო ქართული ოცნებისთვის და არა ოპოზიციისთვის.

დღეს, 2 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალათა ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც არ შევლენ პარლამენტში.

გაიგეთ მეტი: