სტატია შეიცავს სპოილერებს ფილმიდან დასაწყისი

"როგორ უნდა მოიქცეს ნამდვილი ქრისტიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?" — კითხულობს იეჰოვას მოწმეების რელიგიური წინამძღოლი, რასაც პასუხად მორწმუნეებით სავსე სამლოცველოში შემოგდებული მოლოტოვის კოქტეილი მოჰყვება: ქალებსა და კაცებს, ბავშვებსა და ზრდასრულებს სასიკვდილოდ იმეტებენ.

ასე იწყება დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაწყისი, რითიც რეჟისორი მაყურებელს თავიდანვე აფრთხილებს, რომ შემდეგი ორი საათის განმავლობაში სწორედ პირდაპირ მოუწევს სისტემური თუ ინდივიდუალური ძალადობის ფორმებთან თვალის გასწორება. ამ სცენას მალევე ცეცხლში გახვეული სამლოცველოს კადრი მოჰყვება: ხანძრის გიზგიზს მორწმუნეთა ლოცვა შერევია. ამ სურათის თავიდან ამოგდება მაყურებელს გაუჭირდება, რადგან ის ერთდროულად ძალიან ლამაზ და თან საშიშ ნახატს ჰგავს, რომელიც ჩვენ თვალწინ ცოცხლდება.

ამ უკეთური ზმანების დავიწყება კიდევ უფრო რთული იქნება ფილმის მთავარი გმირისთვის — იანასთვის, იეჰოვას მოწმეების მცირე თემის ადგილობრივი წინამძღოლის ცოლისთვის, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ თუ სიზმრებს ხედავდა, ალბათ, სულ ცეცხლის ენების ხმაური ჩაესმოდა. სამლოცველოს დაწვამ, შესაძლოა, სხვებს რელიგიური ღვთისმსახურების აღსრულებისთვის საჭირო სივრცე წაართვა, იანასთვის კი თითქოს ედემის ბაღში გააჩინა ბზარები: ხანძრის ალები მის სულსაც მოედო, ოღონდ მისი ჩაქრობა გაცილებით რთული აღმოჩნდა.

ფოტო: MUBI

როცა ვიგებთ, რომ ფილმი (მითუმეტეს ქართული) იეჰოვას მოწმეებს ეხება, სავარაუდოდ, ყველას მაშინვე გარკვეული წინასწარგანწყობა ექმნება, თუ რას შეიძლება გვიყვებოდეს მისი სიუჟეტი. დასაწყისი მართლაც გვაჩვენებს ჩვენს საზოგადოებაში, ალბათ, ყველაზე მეტად მარგინალიზებული რელიგიური უმცირესობის წევრების პრობლემებს ("ხომ იცი, რომ პოლიცია არაფერს იზამს? ბავშვს არ ჰყავს მეგობრები, მე საერთოდ ვერსად ვერ გავდივარ" – ამბობს იანა). ამის მიუხედავად, დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინოსურათი ძირითადად მაინც მთავარი გმირი ქალის, იანას პიროვნულ კრიზისზე, შინაგან ბრძოლებზე მოგვითხრობს: როგორ შეიძლება ჩაგრული ჯგუფის წევრი ამავე ჯგუფის შიგნით კიდევ სხვა მიზეზით იჩაგრებოდეს. იანა არა მხოლოდ რელიგიური შეუწყნარებლობის, არამედ პატრიარქალური სისტემის მსხვერპლიცაა და ფილმიც ამ ერთმანეთზე მჭიდროდ მილაგებულ უთანასწორობის შრეებს გვაჩვენებს, რომელთა გამოცალკევება ხანდახან შეუძლებელიც კია.

"მინდა, რომ მარტო დავრჩე... ისე გადის ცხოვრება, შეგრძნება მაქვს, რომ აქ არ ვარ", — ეუბნება იანა თავის ქმარს, დავითს, რომელიც მოსმენის, მხარდაჭერის ნაცვლად თავის ცოლს კიდევ უფრო მეტად სთხოვს ოჯახური პრიორიტეტების გათვალისწინებას და "პირადი სისულელეების" დავიწყებას: საკმარისი არ არის, რომ იანამ ქმრის გამო, ალბათ, წლების წინ თავის უმთავრეს მიზანზე, მსახიობობაზე უარი თქვა. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ის მაინც არ მიჰყვება ქმარს სხვა ქალაქში რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შესახვედრად და შვილთან ერთად სახლში რჩება — მდუმარე კედლებს შორის, რომელიც მისი ბოლო უსაფრთხო ნავსაყუდელია. თუმცა, მალე ამ ადგილსაც წარწყმედენ და მის სიწმინდესაც შებღალავენ.

ფოტო: MUBI

მარტო დარჩენილი იანა ცდილობს, ის ცხოვრება მოიხელთოს, რომელიც, მისი თქმით, ხელიდან უსხლტება: მშვიდად ატარებს საღამოებს და ბუნებას შეიგრძნობს. დაახლოებით შვიდი წუთის ხანგრძლივობის უძრავ სცენაში, როცა იანა ხის ქვეშ წევს და მხოლოდ მზის სხივი თამაშობს მის სახეზე, პარალელურად კი მაყურებელი მასთან ერთად უგდებს ტყის ხმაურს ყურს, მსახიობი ია სუხიტაშვილი ლამის ხატად გარდაიქმნება. თუმცა მასში გაჩენილი ეჭვები ასე მხოლოდ დროებით თუ ყუჩდება, რადგან მისი პირადი ხანძარი არ მინავლებულა. ყველაფერთან ერთად შერყეულია მისი რწმენაც: ფილმის სხვადასხვა მონაკვეთში, როცა იანა ბავშვებს რელიგიასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამს, თითქოს ასე თავად სურს უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე პასუხების პოვნა, ანდაც იმ ყველაფრის შეხსენება, რისიც ოდესღაც სწამდა, ახლა კი ეს რწმენა ფერფლად ქცეულა.

როცა ვახსენე, რომ იანა როგორც თავისი რელიგიური, ისე გენდერული იდენტობის გამოა სხვადასხვა სახის ჩაგვრის მსხვერპლი-მეთქი, ავტომატურად შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოლოდინი, რომ ფილმის განვითარებაც სწორედ ამ პერსონაჟის ბრძოლას მიჰყვება და გვაჩვენებს, როგორ ეცდება ის ბორკილების მოხსნას, უსამართლობასთან დაპირისპირებას. თუმცა დეა კულუმბეგაშვილი ასეთ გმირს არ ქმნის: იანას ბევრი რამ აწუხებს, მაგრამ თან ყველაფერს შეგუებულია, რადგან სხვაგან უკეთესი სამყარო მაინც არ ეგულება. ალბათ, ამიტომ მიდის დედასთან, რათა მისი გამოცდილება გაიზიაროს, თუმცა იქაც იმავეს აწყდება — შეგუებას.

ფოტო: MUBI

იანას მარტივად, ერთი სიტყვით დახასიათება რთულია, რადგან ის არ არის პერსონაჟი, რომელიც მაყურებლისგან მაშინვე და აუცილებლად სიყვარულს, გულშემატკივრობას, სიბრალულს ან თუნდაც ზიზღს დაიმსახურებს. რამდენადაც საკუთარი თავის მიმართაა გაუცხოებული ია სუხიტაშვილის გმირი, იმდენადვეა მისი მაყურებლის მხრიდან შეფასება რთული. თითქოს წინასწარვე გვაქვს შექმნილი მოლოდინები, თუ როგორი პერსონაჟი უნდა შეგვიყვარდეს ან შეგვძულდეს, შეგვეცოდოს ან გულგრილნი ვიყოთ. იანა მათგან ან არცერთს იმსახურებს, ან ყველაფერს ერთად. მისი რთული ბუნება ყველაზე კარგად გაუპატიურების ეპიზოდში ჩანს: როცა დეტექტივად გაცნობილი კაცი (ფილმის ბოლოს ვიგებთ, რომ მას ალექსი ჰქვია) იანაზე სექსუალურად ძალადობს, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იანა ამაში საკუთარ ბრალეულობასაც ხედავს. ამ გზით ის თავს სჯის იმ ეჭვების გამო, რომლებიც მოსვენებას უკარგავს (მოგვიანებით ქმარსაც შესთხოვს, რომ დასაჯოს).

"დეტექტივი", სახელად ალექსი, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იანას გაუპატიურებასთან ერთად, სამლოცველოს დაწვაშიც ურევია ხელი, სამოთხეში მოულოდნელად შემოპარული გველია, რომელიც იანას სამყაროს, მის პირად ედემს საძირკველს აცლის ("თქვენი პატარა სამოთხე გაქვთ, მშურს თქვენი"). თუმცა იანა მას თითქოს არ უპირისპირდება, მეტიც — უფლებას აძლევს, რომ სამოთხე წაართვას. ის თავისი თვითდესტრუქციულობით ბოლომდე შეიგრძნობს ბოროტებას, რომელსაც სძულს ის, როგორც ქალი და როგორც განსხვავებული რწმენის ადამიანი. მართალია, გარემოებებმა ამის გამო ალექსს პასუხი არ აგებინა, თუმცა დეა კულუმბეგაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავად "აღედგინა სამართლიანობა": ფინალურ კადრში ის ცოცხლად იქცა ქვიშად ისე, რომ სიკვდილი არ ღირსებია.

ფოტო: MUBI

მთელ კინოსურათს მაყურებელი კამერის ლამის კვადრატული ჩარჩოთი ადევნებს თვალს, რაც ჩვენს მზერას ზღუდავს და გვაიძულებს, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებს გავუსწოროთ თვალი. მდინარესთან გაუპატიურების სცენა თავისი პერსპექტივით იმდენად მძიმეა, რომ იმ დამკვირვებლის გულისამრევ უძლურებას შეგვაგრძნობინებს, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია. ამავდროულად კი ამ გზით იანას ვიწრო, შემოსაზღვრულ სამყაროსაც უკეთ აღვიქვამთ, სადაც მართლა რთულია, სუნთქვა არ გაგიჭირდეს და გაქცევა არ მოგინდეს.

ფილმში ერთგვარ პერსონაჟად გვევლინება კამერა, როგორც ამ ისტორიის გმირის ან მაყურებლის თვალი, რომელიც უმეტესად გაშეშებულია: ცალი ხელის თითები გვეყოფა იმის ჩამოსათვლელად, სულ რამდენჯერ გამოძრავდა ის მთელი ქრონომეტრაჟის დროს. ამის გამო, ხანდახან, როცა პერსონაჟი ფოკუსიდან გადის (მაგალითად, "დეტექტივის" სტუმრობისას), თავად გიწევს კამერის მიღმა მოვლენების წარმოდგენა და იქ გამეფებულ ატმოსფეროს კიდევ უფრო დაძაბულად შეიგრძნობ. ერთდროულად ძალიან მძიმე და თან შთამბეჭდავი სცენებით დასაწყისი ქართველ მაყურებელზე აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას — ლაგოდეხის ხედები თუ სახლის ინტერიერის კადრები ამ სტატიასთან ერთად სოციალური ქსელის ბევრის პირად გვერდებზეც აღმოჩნდება. კიდევ უფრო მეტს, ვისაც ჩემსავით ამ ფილმის ნახვა სახლში მოუწია, ალბათ, გული დასწყდება იმაზე, რომ მისი ხილვა კინოში დიდ ეკრანზე ვერ შეძლო.

ფოტო: MUBI

ცალკე აღნიშვნის ღირსია მსახიობების შესრულება: თანამედროვე ქართულ კინოში ყველაზე თვალშისაცემი ხოლმე მსახიობების უმეტეს წილად ძალიან თეატრალური, ყალბი თამაშია. ისინი იმდენად თამაშობენ, რომ მსახიობს უყურებ მართლაც და არა — პერსონაჟს. ამ მხრივ დასაწყისში აშკარა წინსვლაა და ასე თუ ისე, დამაჯერებლად ეხვევიან თავიანთი გმირების ტყავში, თუმცა კვლავ პრობლემაა დიალოგების ბუნებრიობა, რაც, შეიძლება, ერთი მხრივ სცენარის ბრალიცაა ("ფრიგიდული რელიგიური ფანატიკოსივით ნუ იქცევი" – ვერ დავიჯერე, რომ ეს ფრაზა შეიძლება ვინმემ საერთოდ წარმოთქვას), თუმცა მეორე მხრივ, თვითონ მსახიობები ვერ თავისუფლდებიან, რომ თავად დატკბნენ კინოს შექნის პროცესით ("ამ ტახტზე გტყნავს?" — ბილწი სიტყვის ყოველი ხსენებისას ალექსის როლის შემსრულებელი, კახა კინწურაშვილი ლამის დამორცხვებული ბავშვივით ჩურჩულებს).

სხვა ბევრი საკამათო დეტალის, ან სულაც ხარვეზის პოვნა შეიძლება დეა კულუმბეგაშვილის კინოსურათში: პირველ რიგში, აშკარა გავლენები, რომლებიც სადებიუტო ნამუშევრისთვის, ალბათ, ბუნებრივია, თუმცა ბევრისთვის ის, შესაძლოა, მეტისმეტიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, უცხოური გამოცემები ყველაზე ხშირად ჰანეკეს ხელწერას ახსენებენ და მართლაც რთულია, დასაწყისის ყურებისას არ გაგახსენდეს თუნდაც 2005 წელს გამოსული ამ ავსტრიელი ხელოვანის შთამბეჭდავი კინოსურათი Caché. მსგავსი სტილი, შესაძლოა, ახალია ქართული კინოსთვის, თუმცა არა მსოფლიო და მით უმეტეს ევროპული კინოსთვის. თანაც მე პირადად მომეჩვენა, რომ ამ ფილმში ფორმამ გადაფარა კიდეც შინაარსი: თითქოს, რეჟისორმა უკეთ იცოდა, როგორ უნდა გადმოეცა თავისი სათქმელი, ვიდრე ის, თუ რისი თქმა სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ყველა შევთანხმდებით, ეს ფილმი სულაც არ არის სრულყოფილი, გავბედავ და ვიტყვი, რომ ის მაინც მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კინოსთვის: იქნებ ბოლო წლების ძირითადი უძრაობის, უფერულობის დასასრულის დასაწყისიც კი გახდეს. თუნდაც იმის გამო, რომ ჩემნაირ ერთ რიგით მაყურებელს დეა კულუმბეგაშვილმა უბიძგა, ეფიქრა და შემდეგ გაჩენილი აზრების ამ სიტყვებით დაკავშირება ეცადა, მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი და გაცილებით საინტერესო სათქმელი ექნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო პუბლიკისთვის.