ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების საკითხს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს", — წერია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველას მოუწოდებს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას სიფრთხილით მოეკიდოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი დღეს, პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მასთან უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. მან, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.