წარმოიდგინეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა ინტერნეტში (რომლის დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი გაქვს შეტანილი) შედიხარ და აწყდები რამდენიმე ადამიანის ფაქტად წარმოჩენილ მოსაზრებას, რომ შენი საქველმოქმედო საქმიანობა და კეთილშობილური მიზანი, ვაქცინების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რეალურად, სხვა არაფერია, თუ არა მათი "ჩიპირების" მცდელობა. დაახლოებით, ასეთი ცხოვრება აქვს ბილ გეიტსს.

მის შესახებ შეთხზული შეთქმულების თეორიებზე საუბრისას კი გეიტსი დაიბნა.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე და ექიმი ფაუჩი (აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) ასეთი პოპულარული ხალხი გავხდებოდით ამ მავნე თეორიებით", — ამბობს გეიტსი, — "გაოცებული ვარ. ვიმედოვნებ, გაქარწყლდება".

მაიკროსოფტის თანადამფუძნებლის შესახებ ინტერნეტსივრცეში უამრავი შეთქმულების თეორია ვრცელდება. გასულ წელს, YouGov-ის გამოკითხვით დადგინდა, რომ ამერიკელების 28 პროცენტს ამ თეორიების სჯერა. ეს მაჩვენებელი, ცხადია, დრამატულად განსხვავებულია იმ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერების დონე დაბალია, პროპაგანდისტული გამოცემების რეიტინგი კი — მაღალი.

ფოტო: JStone / Shutterstock

ასეთი თეორიების მუდმივად მოსმენა, ცხადია, მომაბეზრებელი იქნება გეიტსისთვის, რომელმაც თავისი და მელინდა გეიტსის ფონდიდან $250 მილიონი გადარიცხა კორონავირუსის ვაქცინის კვლევის დასაფინანსებლად, მთლიანობაში კი $680 მილიონი დახარჯა პანდემიასთან გასამკლავებლად — რათა ღარიბმა ქვეყნებმა ვაქცინა მიიღონ, დაავადებისთვის კი სამკურნალო პრეპარატი შეიქმნას. მიუხედავად ამისა, საკუთარ საქმიანობაზე ღიად არასდროს უსაუბრია, გარდა Reuters-სთვის მიცემულ ინტერვიუსი, სადაც ცნობიერების ამაღლების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

"ხალხს ამის სჯერა?", — კითხულობს გეიტსი, — "მომავალ წელს ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ, გავიგოთ, როგორ ცვლის ეს ხალხის ქმედებას და და როგორ შეგვეძლო, ამ ყველაფრის [შეთქმულების თეორიების] მინიმალურ დონეზე დაყვანა?"

გეიტსის მიერ ნახსენები ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა, მათ შორის განვითარებული სახელმწიფოებიც, აღმოჩნდა. გასული წლის ზაფხულში ჩატარებული NDI-ის კვლევის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46 პროცენტი, ვაქცინის მიღების შესაძლებლობის შემთხვევაში აცრაზე უარს იტყოდა.