ისტორიაში პირველად, აშშ-ში 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი იყიდება. აღსანიშნავია, რომ მისი დამზადების პროცესიდან გამომდინარე, იგი შედარებით ნაკლებ ფასად გაიყიდება, ვიდრე სხვა მსგავსი სახლები მის გარშემო.

სახლი, რომელშიც სამი საძინებელი და ორი აბაზანაა, 3D პრინტერის საშუალებით კომპანია SQ4D-მ დაბეჭდა. 3D Printing Media Network-ის განცხადებით, კომპანიამ ავტომატური რობოტული კონსტრუქციული სისტემა განავითარა, რომელიც ბეტონისგან სხვადასხვა სტრუქტურებს აგებს, უფრო სწორად კი ბეჭდავს. აღნიშნული პროცესი ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული მშენებლობა. ეს კი ისეთ მომავალზე მიანიშნებს, რომელშიც სახლის ყიდვა, დღევანდელისგან განსხვავებით, უკიდურესად მიუწვდომელი ოცნება აღარ იქნება.

დაბეჭდილი სახლი სულ რაღაც 299 999 დოლარად არის წარმოდგენილი უძრავი ქონების ონლაინ ბაზარზე, Zillow-ზე. ეს ფასი ნიუ იორკის რივერჰედის სხვა სახლების სახლებთან შედარებით ბევრად დაბალია.

"299 999 დოლარი რივერჰედში ახალაშენებული სახლების ფასის 50%-იც კი არაა.. ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს ლონგ აილენდის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების კრიზისის გადაჭრის მიმართულებით", — განუცხადა Zillow-ს აგენტმა, სტივენ კინგმა 3D Printing Media Network-ს.

ამჟამად, SQ4D პირველი კომპანიაა, რომელმაც 3D პრინტერის გამოყენებით აშშ-ში საცხოვრებლად ვარგისი სერტიფიცირებული სახლი ააშენა, თუმცა 3D Printing Media Network აცხადებს, რომ კომპანია აქ არ აპირებს გაჩერებას და მათ დიდი ამბიციები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, SQ4D კიდევ ბევრი მსგავსი სახლის აშენებას გეგმავს ნიუ იორკსა და კალიფორნიაში, რაც 3D დაბეჭდილ სახლებს საბოლოოდ გადმოიყვანს ფანტასტიკიდან ჩვენს რეალობაში.