თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. როგორც On.ge-ს სასამართლოში უთხრეს, პროცესი იანვარში გაიმართა. საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელ მიხეილ ჩოხელს სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.

თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდება. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.

ბრალდებების პასუხად ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.

"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაკითხავდენ ყოფილ პროკურორს.

2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.

ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.