3 თებერვალს საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. მკითხველთა საყვარელ დღესასწაულს საქართველო უკვე მეექვსედ უერთდება. ინიციატივის ავტორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა.

"იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!" - 3 თებერვალს მსოფლიოს მილიონობით მკითხველი ამ სლოგანის გარშემო გაერთიანდება. ღონისძიება საჯაროდ კითხვის, ამბების გაზიარებისა და წიგნიერების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების მნიშვნელობის აღიარებას ემსახურება. ამ დღეს ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, წიგნებისადმი სიყვარული ირგვლივმყოფებს საჯაროდ კითხვით გაუზიაროს და წიგნიერების პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მართალია, პანდემიის ფონზე, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართება, თუმცა მკითხველებს საინტერესო შეხვედრები და სასიამოვნო საჩუქრები ელით.

ღონისძიება 3 თებერვალს, 12 საათზე დაიწყება. გახსნის ღონისძიება ქართველ ფილოსოფოსს, მწერალსა და მთარგმნელს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება. მის შემოქმედებას მკითხველებს დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, გვანცა ჯობავა და ზვიად კვარაცხელია გააცნობენ. სპიკერები ღონისძიებაზე ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი დონ კიხოტიდან ფრაგმენტებს წაიკითხავენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სკოლებსა და უნივერსიტეტებში წიგნიერების თემაზე ონლაინ შეხვედრებს 70-მდე ქართველი მწერალი გამართავს.

ღონისძიება 3 თებერვალს, საღამოს 6 საათზე დაიხურება. დასკვნით ღონისძიებაზე მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, პოეტი პაატა შამუგია და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ისაუბრებენ თემაზე "ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი". საუბრის ბოლოს სპიკერები ლიტერატურულ ტექსტებს საჯაროდ წაიკითხავენ.

ღონისძიებაზე, ტრადიციულად, გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი. ჯილდო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან გადაეცემათ იმ ადამიანებს, ინსტიტუტებსა თუ პროექტებს, რომლებიც წლის განმავლობაში საქართველოში წიგნიერების გავრცელების მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის საერთაშორისო ორგანიზატორია Litworld. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.