პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი ამბობს რომ ქართული ოცნების წევრმა, თეა წულუკიანმა ვერ გაბედა საჯაროდ დაესახელებინა საკუთარი ტელეფონის ნომერი.

"თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის დასახელება. აბა გაბედოს. რად მინდა გვარამიას ტელეფონს რომ მეუბნება?! ვიცი გვარამიას ტელეფონი ისედაც და თუ მჭირდება, ვუკავშირდები. აი, ეს არის, რომ ქართული ოცნება მოწყვეტილია ხალხს და აი, ამის სათქმელად ვართ აქ შემოსულები ზუსტად", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი დღეს, პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა. სიტყვით გამოსვლისას წულუკიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს უთხრა, რომ მან "დემოკრატიის მაღალი სტანდარტი" აჩვენა, როცა ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და სურდა, თავისი ნომერიც ეთქვა. წულუკიანმა ურჩია ელისაშვილს ნომერი ჩაეწერა და მერე განაცხადა, რომ ეს არა მისი, არამედ ნიკა გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს ურჩია, მისთვის დაერეკა.

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების შემდეგ, უცნობი ადამიანების ზარები არ წყდება. ის, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაუროს და დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება უფლებრივად, რამდენად სწორია.