პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გაიმეორა.

"ზოგს ჰგონია, ალბათ და ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, არ ვიცი, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ადევნებდით თვალყურს, რომ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით, გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან", — განაცხადა ელისაშვილმა.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

გუშინ, პირველ თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.