TikTok-ის ახალი ტრენდი, სილუეტის გამოწვევა [#silhouettechallenge] ადამიანთა გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავდა მიზნად, რათა მათ თავი სექსუალურად ეგრძნოთ და მიეღოთ საკუთარი სხეულის ფორმები. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა ამ იდეის საპირისპირო ქმედებებით ტრენდი საფრთხისშემცველად აქცია.

YouTube-ზე არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომლებშიც ახსნილია თუ როგორ უნდა დამუშავდეს ვიდეოები ისე, რომ სილუეტის ეფექტი შემცირდეს და სხეულის დანახვა შეძლო. გამოწვევა სხეულის ფორმების მიღებას ისახავდა მიზნად, შესაბამისად მასში ჩართული ადამიანები ძირითადად ნახევრად ჩაცმულები ან შიშვლები არიან, თუმცა ვიდეოები მხოლოდ წითელ ფონზე გამოსახულ შავ სილუეტს შეიცავს.

ფოტო: BuzzFeed

ვიდეო გზამკვლევები ტვიტერზე და რედიტზეც გავრცელდა და ერთ-ერთი საბრედიტი უკვე დაიბლოკა, რადგან გვერდზე დამუშავების შედეგად მიღებული გამოსახულების ფოტოები დაუფარავად ვრცელდებოდა. ამის გამო, საჭირო გახდა TikTok-ის მომხმარებელთა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ შესაძლოა მათი ვიდეო ბოროტად გამოიყენონ.

TikTok-ის, ტვიტერისა და სხვა სოციალური ქსელების არაერთი მომხმარებელი ცდილობს საფრთხის შესახებ ხალხის გაფრთხილებას და იუთუბს ვიდეო გზამკვლევების დაბლოკვისკენ მოუწოდებს.